Main » Files » პოეზია(poetry) |
ვაჟა ფშაველა– ამირანი
2011-10-02, 12:14 PM | |
ამირანი ადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმაზარი ტანისა კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო, გულის მდნობელი ნაღველი უხმოდ დუღს იმის მკერდშიო. უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ ეხვევა, როგორც გველიო, და აბლაბუდა თვალებზედ გადაჰკრობია ქსელიო. ტანზედ აჰსხმია ყინული და ხავსი შავის ფერისო, სდგას ესე დაჩოქებული, მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო. პირდაპირ დაყუდებული ჟანგდება მისი ხმალიო, მოსვენებასა თაკილობს, ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო. დაჰვიწყებია ეს მონა ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა, არ იხსენებენ მისგანა დევ-ეშმაკების ჟლეტასა. მოზარე წამებულისა ფეხთ ჩასწოლია ფინია, ამ პაწაწინა არსებას უცხო რამ დაუჟინია. დაუსვენებლად ენითა ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს, რომ თავი იხსნას ტანჯულმა, ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, - რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს მის დასაბმელად ჯაჭვიო, არ შეიბრალეს მართალი, გაგზავნეს ტყვედა მთაშიო. რა გაწყვეტამდის მიიყვანს ფინია რკინის მართულსო, გულქვა მჭედელი გამოდის, გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო. და ჯაჭვი ისევ მთელდება, გულის საკლავად მონისო. ნეტავ ეს უღვთო წვალება ამ გმირს გასწირავს როდისო?! როდის ადგება ამირან, ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო, ჩამოსდნობოდეს ყინული და უცინოდეს პირიო. ეჭიროს ხელში თვის ხმალი, იცქირებოდეს ბარადა, მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი, მას თავს უკრავდენ კვალადა. მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი ფუოდენ, ხტოდენ შავადა, კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი მთებზე სხდებოდენ ჯარადა. სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი, კარგების სანატრელიო, დაუკრას ტკბილი საკრავი, ცას მიაწოდოს ხელიო. მუნით ჩამოწვეს ღრუბელი, გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია, იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი: "ვაჰმე, რა დიდი ჭირია!” მჭედლები ცოდვას ნანობდენ, ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო, თვის იარაღის ნაშთებზედ აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო. | |
Views: 836 | Downloads: 0 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0 | |